წინა სტატიაში განვიხილეთ, რა არის Helicobacter pylori (H. pylori), როგორ ხდება ინფიცირება და რატომ აქცევენ ექიმები ამ ბაქტერიას განსაკუთრებულ ყურადღებას.
შემდეგი ნაბიჯია გავიგოთ, როდის არის გამოკვლევა ნამდვილად საჭირო, რომელი დიაგნოსტიკური მეთოდებია ყველაზე სანდო და რატომ არ არის ყველა ანალიზი ერთნაირად ინფორმაციული.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მრავალი სხვადასხვა ტესტი არსებობს, მათი დიაგნოსტიკური ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება. თანამედროვე საერთაშორისო რეკომენდაციები მკაფიოდ განსაზღვრავს, რომელი მეთოდებია რეკომენდებული პირველადი დიაგნოსტიკისთვის და რომელი — მკურნალობის ეფექტურობის დასადასტურებლად.
როდის არის საჭირო Helicobacter pylori-ზე გამოკვლევა?
გამოკვლევა რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, როდესაც მისი შედეგი გავლენას მოახდენს შემდგომ მკურნალობის ტაქტიკაზე.
ყველაზე ხშირი ჩვენებებია:
- კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- MALT-ლიმფომა;
- ატროფიული გასტრიტი;
- დისპეფსია და კუჭისა თუ საყლაპავის დაავადებების სხვა სიმპტომები;
- რკინადეფიციტური ანემია გაურკვეველი მიზეზით.
გამოკვლევა ასევე შეიძლება რეკომენდებული იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვთ, მაგალითად, თუ დაავადება ახლო ნათესავებში გვხვდება.
ზოგიერთ შემთხვევაში ტესტირება ასევე მიზანშეწონილია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (მაგალითად, იბუპროფენის) ან აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინის) ხანგრძლივი მიღების დაწყებამდე.
რა დიაგნოსტიკური მეთოდები არსებობს?
Helicobacter pylori-ის დიაგნოსტიკის ყველა მეთოდი ორ დიდ ჯგუფად იყოფა.
არაინვაზიური მეთოდები, რომლებიც გასტროსკოპიას არ საჭიროებს:
- ¹³C-ურეაზული სუნთქვის ტესტი;
- Helicobacter pylori-ის ანტიგენის განსაზღვრა განავალში.
ინვაზიური მეთოდები, რომლებიც მხოლოდ გასტროსკოპიის (ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის) დროს ტარდება:
- ბიოფსიის ჰისტოლოგიური კვლევა;
- სწრაფი ურეაზული ტესტი;
- ბიოფსიური მასალის PCR-დიაგნოსტიკა.
უნივერსალური ანალიზი, რომელიც ყველა პაციენტისთვის საუკეთესო იქნებოდა, არ არსებობს.
მეთოდის არჩევანი დამოკიდებულია:
- პაციენტის ასაკზე;
- კლინიკურ სიტუაციაზე;
- არის თუ არა გასტროსკოპია საჭირო;
- ტარდება პირველადი დიაგნოსტიკა თუ მკურნალობის ეფექტურობის კონტროლი.
თანამედროვე საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, ყველაზე ინფორმაციული არაინვაზიური მეთოდებია ¹³C-ურეაზული სუნთქვის ტესტი და Helicobacter pylori-ის ანტიგენის განსაზღვრა განავალში მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებით.
¹³C-ურეაზული სუნთქვის ტესტი
¹³C-ურეაზული სუნთქვის ტესტი ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ არაინვაზიურ მეთოდად ითვლება Helicobacter pylori-ის დიაგნოსტიკისთვის.
ის გამოიყენება:
- ინფექციის პირველად გამოსავლენად;
- მკურნალობის წარმატების დასადასტურებლად.
კვლევის დროს პაციენტი სვამს ხსნარს ან ყლაპავს კაფსულას, რომელიც შეიცავს ¹³C-ით მონიშნულ შარდოვანას.
თუ კუჭში H. pylori არსებობს, ბაქტერიის ფერმენტი — ურეაზა — შლის შარდოვანას, ხოლო რეაქციის პროდუქტები გამოავლინება ამოსუნთქულ ჰაერში.
მეთოდს აქვს ძალიან მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა და გასტროსკოპიის გარეშე დიაგნოსტიკის ერთ-ერთ ოქროს სტანდარტად ითვლება.
როგორ ტარდება ტესტი A Clinic-ში?
2026 წლის ივნისიდან ¹³C-ურეაზული სუნთქვის ტესტი ხელმისაწვდომია A Clinic-ში.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კვლევის სიზუსტე დამოკიდებულია არა მხოლოდ მეთოდზე, არამედ გამოყენებულ აპარატურაზეც. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჯერ კიდევ გამოიყენება მოძველებული ტესტ-სისტემები, რომლებიც თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს სრულად არ შეესაბამება.
A Clinic-ში კვლევა ტარდება ვალიდირებული აპარატურით და შედეგების სტანდარტიზებული ინტერპრეტაციით.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სწორი შედეგის მისაღებად აუცილებელია:
- კვლევაზე მიხვიდეთ დილით, უზმოზე, ან მსუბუქი კვებიდან 8–10 საათის შემდეგ;
- მცირე რაოდენობით წყლის დალევა ნებადართულია;
- კვლევის წინა დღეს თავი აარიდოთ ალკოჰოლსა და გადაჭარბებულ კვებას;
- კვლევამდე 1 საათით ადრე არ მოწიოთ;
- ტესტი ჩაიტაროთ ანტიბიოტიკების, ბისმუტის პრეპარატებისა და სუკრალფატის დასრულებიდან არანაკლებ 4 კვირის შემდეგ;
- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი და სხვ.) შეწყვეტიდან უნდა იყოს გასული არანაკლებ 2 კვირა;
- კვლევის წინა დღეს მოერიდოთ ინტენსიურ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას.
ტესტი ყოველდღიურად ტარდება წინასწარი ჩაწერის გარეშე.
მთელი პროცედურა, შედეგის მიღების ჩათვლით, დაახლოებით 30 წუთს გრძელდება.
Helicobacter pylori-ის ანტიგენის განსაზღვრა განავალში
ეს კიდევ ერთი მაღალზუსტი არაინვაზიური დიაგნოსტიკური მეთოდია, რომლის სიზუსტეც პრაქტიკულად შეედრება სუნთქვის ტესტს.
ყველაზე მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებულ ტესტებს.
მეთოდი გამოიყენება:
- ინფექციის პირველად გამოსავლენად;
- მკურნალობის ეფექტურობის დასადასტურებლად.
როგორც სუნთქვის ტესტის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი მომზადება:
- ტესტი უნდა ჩატარდეს ანტიბიოტიკების დასრულებიდან არანაკლებ 4 კვირის შემდეგ;
- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების შეწყვეტიდან არანაკლებ 2 კვირის შემდეგ.
შედეგის სიზუსტე ასევე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მასალის სწორ შეგროვებასა და ტრანსპორტირებაზე.
ამჟამად საქართველოში ლაბორატორიების უმეტესობა იყენებს სწრაფ ანტიგენულ ტესტებს. მონოკლონური ანტისხეულებით ჩატარებული კვლევა ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ A Clinic ნიმუშებს ევროპულ ლაბორატორიაში აგზავნის.
კვლევის ჩასატარებლად საჭიროა კლინიკაში სპეციალური სატრანსპორტო კონტეინერის მიღება, ხოლო ჩვენი ასისტენტები დეტალურად აგიხსნიან მასალის სწორად შეგროვების წესს.
გასტროსკოპია კუჭის ლორწოვანის ბიოფსიით
თუ გასტროსკოპია კლინიკური ჩვენებით ტარდება, ამავე პროცედურის დროს შესაძლებელია Helicobacter pylori-ის დიაგნოსტიკაც კუჭის ლორწოვანი გარსიდან აღებული ბიოფსიური მასალის კვლევით.
ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ექიმს შეუძლია არა მხოლოდ ინფექციის გამოვლენა, არამედ კუჭის ლორწოვანი გარსის მდგომარეობის შეფასებაც.
კვლევის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს:
- გასტრიტი;
- ატროფია;
- ნაწლავური მეტაპლაზია;
- წყლულოვანი დაზიანებები;
- საეჭვო ცვლილებები.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვთ.
მხოლოდ Helicobacter pylori-ის გამოსავლენად გასტროსკოპიის ჩატარება, როგორც წესი, საჭირო არ არის, თუ დამატებითი ჩვენებები არ არსებობს.
ყველაზე ინფორმაციულ მეთოდად ითვლება ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიური (მორფოლოგიური) კვლევა, რომლის დროსაც პათომორფოლოგი სპეციალური შეღებვის შემდეგ მიკროსკოპით აფასებს ქსოვილს.
სწრაფი ურეაზული ტესტი
სწრაფი ურეაზული ტესტი ტარდება უშუალოდ გასტროსკოპიის დროს.
მისი საფუძველია H. pylori-ის უნარი დაშალოს შარდოვანა, რის შედეგადაც იცვლება ტესტ-სისტემის მჟავიანობა (pH) და ფერი.
შედეგი, როგორც წესი, ხელმისაწვდომია რამდენიმე წუთში ან რამდენიმე საათში.
თუმცა ამ მეთოდს შედარებით მაღალი ცრუ-უარყოფითი შედეგების რისკი აქვს.
ამიტომ უარყოფითი პასუხი ყოველთვის არ გამორიცხავს ინფექციას და ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მისი დადასტურება უფრო სანდო დიაგნოსტიკური მეთოდებით.
PCR-დიაგნოსტიკა
PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) საშუალებას იძლევა გამოვლინდეს Helicobacter pylori-ის დნმ.
ყველაზე მაღალი კლინიკური მნიშვნელობა აქვს ბიოფსიური მასალის PCR-კვლევას, რადგან ის არა მხოლოდ ადასტურებს ინფექციას, არამედ შეუძლია გამოავლინოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან დაკავშირებული გენეტიკური მუტაციებიც, განსაკუთრებით კლარითრომიცინის მიმართ რეზისტენტობა.
განავლის PCR-კვლევა თანამედროვე საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით არ არის რეკომენდებული, როგორც აქტიური ინფექციის რუტინული დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდი.
ამჟამად ეს კვლევა საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის.
სისხლის ანალიზი Helicobacter pylori-ზე
სისხლის ანალიზი განსაზღვრავს IgG ანტისხეულებს და არა თავად ბაქტერიას.
დადებითი პასუხი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს წარსულში ჰქონდა კონტაქტი Helicobacter pylori-თან.
ანტისხეულები შეიძლება სისხლში დარჩეს თვეების ან წლების განმავლობაშიც, წარმატებული მკურნალობის შემდეგაც კი.
ამიტომ სისხლის ანალიზი:
- ვერ განასხვავებს აქტიურ და გადატანილ ინფექციას;
- არ გამოიყენება მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად;
- არ არის რეკომენდებული რუტინული დიაგნოსტიკისთვის თანამედროვე საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით.
როგორ მკურნალობენ Helicobacter pylori-ს?
Helicobacter pylori-ის მკურნალობა ყოველთვის ტარდება კომბინირებული თერაპიით, რომელიც რამდენიმე პრეპარატის ერთდროულ გამოყენებას მოიცავს.
სტანდარტული სქემა, როგორც წესი, მოიცავს:
- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს (PPI);
- ორ ან მეტ ანტიბიოტიკს;
- საჭიროების შემთხვევაში — ბისმუტის პრეპარატებს.
მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ 14 დღე გრძელდება.
აუცილებელია თუ არა Helicobacter pylori-ის მკურნალობა ყველა შემთხვევაში?
უმეტეს შემთხვევაში, აქტიური ინფექციის დადასტურების შემდეგ მკურნალობა რეკომენდებულია, რადგან ბაქტერიის ერადიკაცია ამცირებს:
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების განვითარების რისკს;
- კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკს;
- კუჭის კიბოს განვითარების ალბათობას.
თუმცა მკურნალობის გადაწყვეტილება ყოველთვის ინდივიდუალურად მიიღება და ეფუძნება აქტიური ინფექციის სანდო მეთოდებით დადასტურებას.
რატომ შეიძლება მკურნალობამ არ იმუშაოს?
მკურნალობის წარუმატებლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- ბაქტერიის რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ;
- მკურნალობის არასაკმარისი ხანგრძლივობა;
- პრეპარატების მიღების გამოტოვება;
- მოძველებული სამკურნალო სქემების გამოყენება, რომლებიც ადგილობრივ ანტიბიოტიკორეზისტენტობას არ ითვალისწინებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი მკურნალობის შედეგის დადასტურება?
მაშინაც კი, თუ სიმპტომები მთლიანად გაქრა, ეს არ ნიშნავს, რომ ბაქტერია სრულად განადგურდა.
ამიტომ მკურნალობის დასრულების შემდეგ აუცილებელია ერადიკაციის წარმატების დადასტურება.
კონტროლური კვლევა ტარდება:
- ანტიბიოტიკების დასრულებიდან არანაკლებ 4 კვირის შემდეგ;
- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების შეწყვეტიდან არანაკლებ 2 კვირის შემდეგ.
მკურნალობის ეფექტურობის დასადასტურებლად რეკომენდებულია მხოლოდ ორი სანდო მეთოდი:
- ¹³C-ურეაზული სუნთქვის ტესტი;
- Helicobacter pylori-ის ანტიგენის განსაზღვრა განავალში.
მთავარი
Helicobacter pylori-ზე ეჭვის არსებობა არ ნიშნავს, რომ საჭიროა ნებისმიერი ხელმისაწვდომი ანალიზის ჩაბარება ან თვითმკურნალობის დაწყება.
სწორად შერჩეული დიაგნოსტიკური მეთოდი აუცილებელია იმისათვის, რომ:
- დადასტურდეს აქტიური ინფექცია;
- შეირჩეს მკურნალობის ყველაზე ეფექტური სქემა;
- ობიექტურად შეფასდეს მკურნალობის წარმატება.
თუ გაწუხებთ კუჭის სიმპტომები, უკვე დაგიდგინდათ Helicobacter pylori ან ეჭვი გეპარებათ ჩატარებული კვლევების შედეგებში, დაჯავშნეთ კონსულტაცია.
კონსულტაციის დროს ერთად გადავწყვეტთ, საჭიროა თუ არა თქვენს შემთხვევაში გამოკვლევა, შევარჩევთ ყველაზე ინფორმაციულ დიაგნოსტიკურ მეთოდს და, საჭიროების შემთხვევაში, შევადგენთ თქვენზე მორგებულ მკურნალობის გეგმას.
