კითხვას — „რომელი ქოლესტერინის დონეა ნორმა?“ — უნივერსალური პასუხი არ აქვს.
კლინიკურ პრაქტიკაში ლიპიდების შეფასება ყოველთვის ინდივიდუალურად ხდება და ეფუძნება პაციენტის საერთო გულ-სისხლძარღვთა რისკს.
გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასება
არსებობს გულ-სისხლძარღვთა რისკის ცნება, რომლის მიხედვით პაციენტები იყოფიან ჯგუფებად:
- ძალიან მაღალი რისკი
- მაღალი რისკი
- საშუალო რისკი
- დაბალი რისკი
რისკის შეფასება ერთჯერადი არ არის — იგი დროში იცვლება და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: ასაკი, არტერიული წნევა, სქესი, მოწევა, მედიკამენტები, საცხოვრებელი რეგიონი და თანმხლები დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, თირკმლის ქრონიკული დაავადება და სხვა).
LDL ქოლესტერინის სამიზნე დონეები
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (LDL-C) სამიზნე დონე დამოკიდებულია რისკის კატეგორიაზე:
- ძალიან მაღალი რისკი — <1.4 მმოლ/ლ (55 მგ/დლ)
- მაღალი რისკი — <1.8 მმოლ/ლ (70 მგ/დლ)
- საშუალო რისკი — <2.5 მმოლ/ლ (100 მგ/დლ)
- დაბალი რისკი — <3.0 მმოლ/ლ (116 მგ/დლ)
ამგვარად, „ნორმის“ ცნება ქოლესტერინთან მიმართებით შედარებითია და დამოკიდებულია ინდივიდუალურ რისკზე.
„რუხი ზონები“ და კლინიკური გადაწყვეტილებები
არსებობს სიტუაციები, როდესაც ლიპიდების დამაქვეითებელი თერაპიის დაწყება ინდივიდუალურად წყდება. მაგალითად, ახალგაზრდა პაციენტში, რომელსაც არ აქვს რისკ-ფაქტორები (ჰიპერტენზია, სიმსუქნე, მოწევა), LDL-ის დონე ოდნავ >3.0 მმოლ/ლ შეიძლება არ მოითხოვდეს დაუყოვნებელ მედიკამენტურ მკურნალობას. ამავე დროს, LDL ≥4.9 მმოლ/ლ შესაძლოა მიუთითებდეს ოჯახურ ჰიპერქოლესტერინემიაზე და საჭიროებს მკურნალობის დაწყებას. საერთო ქოლესტერინი გამოიყენება ძირითადად როგორც საყურადღებო მაჩვენებელი და არ წარმოადგენს გადაწყვეტილების ძირითად კრიტერიუმს. ტრიგლიცერიდები ფასდება ცალკე და აქვს საკუთარი კლინიკური მნიშვნელობა.
ლიპოპროტეინი(a) — რისკის შეფასების ახალი სტანდარტი
თანამედროვე რეკომენდაციები მოიცავს ლიპოპროტეინის(a) [Lp(a)] განსაზღვრას.
ლიპოპროტეინი(a) არის ქოლესტერინის სპეციფიკური ნაწილაკი, რომელიც დაკავშირებულია ცილასთან და წარმოადგენს დამოუკიდებელ, გენეტიკურად განსაზღვრულ რისკ-ფაქტორს ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, ინფარქტისა და ინსულტის განვითარებისთვის.
Lp(a)-ის დონე:
- განისაზღვრება გენეტიკურად
- არ არის დამოკიდებული ცხოვრების წესზე ან თერაპიაზე
ამიტომ რეკომენდებულია მისი განსაზღვრა ერთხელ სიცოცხლეში. მისი მომატებული დონე შეიძლება ცვლიდეს რისკის კატეგორიას და გავლენას ახდენდეს მკურნალობის ტაქტიკაზე, მათ შორის — უფრო ინტენსიური თერაპიის საჭიროებაზე.
აპოლიპოპროტეინი B (ApoB)
სტანდარტულ ლიპიდოგრამასთან ერთად გამოიყენება აპოლიპოპროტეინი B (ApoB). ApoB წარმოადგენს ათეროგენული ლიპოპროტეინების მატარებელ ცილას და ასახავს „ცუდი“ ნაწილაკების საერთო რაოდენობას. Lp(a)-სგან განსხვავებით, ApoB-ის დონე იცვლება და გამოიყენება თერაპიის მონიტორინგისთვის. მაგალითად, თუ LDL ნორმაშია, მაგრამ ApoB მაღალი რჩება — შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის გაძლიერება.
როდის და რამდენად ხშირად უნდა ჩავიტაროთ ლიპიდოგრამა
სკრინინგი ტარდება სხვადასხვა ასაკში.
ბავშვები:
- 2 წლამდე — მხოლოდ რისკის არსებობისას
- 9–11 წელი — უნივერსალური სკრინინგი
მოზრდილები:
- პირველი შეფასება — 18–20 წლიდან
- დაბალი რისკი — ყოველ 5 წელიწადში
რისკის არსებობისას:
- უფრო ხშირად, როგორც წესი — წელიწადში ერთხელ
თერაპიის ფონზე:
- კონტროლი 4–12 კვირაში დაწყებიდან ან ცვლილებიდან
- შემდეგ — ყოველ 6–12 თვეში
ლიპიდების შეფასება არ არის ერთჯერადი კვლევა — ეს არის დინამიკური პროცესი, რომელიც მიმართულია გულ-სისხლძარღვთა რისკის მართვაზე. ინდივიდუალური მიდგომა და რეგულარული კონტროლი საშუალებას გვაძლევს დროულად გამოვავლინოთ დარღვევები და შევამციროთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.
