მენსტრუაციული ციკლი მხოლოდ კალენდარში აღნიშნული თარიღები არ არის. ეს არის მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ მუშაობს ჰორმონალური სისტემა და ორგანიზმი მთლიანობაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მასზე გავლენას ახდენს, არის სხეულის მასა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პრობლემები შეიძლება წარმოიშვას როგორც ჭარბი წონის, ასევე მისი დეფიციტის დროს.
რატომ მოქმედებს წონა ციკლზე?
ცხიმოვანი ქსოვილი მხოლოდ ენერგიის მარაგი არ არის. ის მონაწილეობს ჰორმონების გამომუშავებაში და „კომუნიკაციას ამყარებს“ ტვინთან, რომელიც მენსტრუაციულ ციკლს არეგულირებს. იმისთვის, რომ ციკლი რეგულარული იყოს, ორგანიზმს უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რომ ენერგია საკმარისია, ყველაფერი სტაბილურადა და შესაძლებელია რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნება. თუ ეს ბალანსი ირღვევა - იწყება პრობლემები.
ჭარბი წონის დროს შეიძლება გამოვლინდეს: არარეგულარული მენსტრუაცია, მენსტრუაციის გადაცდენა, ოვულაციის არყოფნა, ჩასახვასთან დაკავშირებული სირთულეები.
რატომ ხდება ასე?
• იმატებს ინსულინის დონე
• იცვლება სქესობრივი ჰორმონების ბალანსი
• ცხიმოვანი ქსოვილი იწყებს მეტი ესტროგენის გამომუშავებას
შედეგად ორგანიზმი „იბნევა“ ჰორმონალურ სიგნალებში და ციკლი არასტაბილური ხდება. სხეულის მასის დეფიციტი არანაკლებ ძლიერად მოქმედებს, ზოგჯერ კი უფრო მკვეთრადაც. რა შეიძლება მოხდეს: მენსტრუაცია იშვიათდება, შეიძლება სრულად გაქრეს, ოვულაცია არ ხდება. ეს ხშირად გვხვდება მკაცრი დიეტების დროს, სწრაფი წონის კლებისას, მაღალი დატვირთვის მქონე სპორტსმენებში, კვებითი ქცევის დარღვევების დროს.
რა არის ფუნქციური ამენორეა?
ცალკე მნიშვნელოვანია გამოვყოთ მდგომარეობა, რომელიც ხშირად გვხვდება წონის დეფიციტის დროს — ფუნქციური ჰიპოთალამური ამენორეა. მარტივად რომ ვთქვათ, მენსტრუაცია ქრება არა ორგანული დაზიანების გამო, არამედ იმიტომ, რომ ორგანიზმი ამ ფუნქციას „გამორთავს“.
რატომ ხდება ეს?
ორგანიზმი შემდეგ სიტუაციებს აღიქვამს როგორც სტრესს:
• საკვების დეფიციტი
• ძლიერი ფიზიკური დატვირთვა
• სწრაფი გახდომა
• მუდმივი ემოციური დაძაბულობა
პასუხად ტვინი ამცირებს იმ ჰორმონების გამომუშავებას, რომლებიც ციკლს „რთავენ“. შედეგად - ოვულაცია არ ხდება, ესტროგენის დონე ეცემა და მენსტრუაცია ქრება.
**მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქმე მხოლოდ წონაში არ არის **
მაშინაც კი, თუ წონა „ნორმაშია“, ციკლი შეიძლება დაირღვეს. აქ მთავარი ცნებაა ენერგეტიკული ხელმისაწვდომობა - რამდენ ენერგიას იღებთ საკვებიდან და რამდენს ხარჯავთ. თუ ცოტას ჭამთ და ბევრს ვარჯიშობთ, ორგანიზმს შეიძლება არ ეყოს რესურსი, მიუხედავად ნორმალური სხეულის მასის ინდექსისა.
რატომ არ შეიძლება ამის იგნორირება?
მენსტრუაციის არარსებობა „მოსახერხებელი“ არ არის - ეს იმის ნიშანია, რომ სადღაც არის პრობლემა.
დამტკიცებულია, რომ ხანგრძლივი ამენორეის დროს შეიძლება განვითარდეს:
• ძვლების სიმკვრივის შემცირება
• მოტეხილობების გაზრდილი რისკი
• გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები
• ფერტილობის შემცირება
შეიძლება თუ არა ციკლის აღდგენა?
უმეტეს შემთხვევაში -კი. მნიშვნელოვანია კვების ნორმალიზება, საკმარისი კალორაჟის აღდგენა, გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვის შემცირება და წონის სტაბილიზაცია.
კლინიკური რეკომენდაციების მიხედვით, სწორედ ეს არის მკურნალობის საფუძველი და არა მედიკამენტები.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
მიმართეთ გინეკოლოგს, თუ:
• მენსტრუაცია 3 თვეზე მეტხანს არ გაქვთ
• ციკლი არარეგულარული გახდა
• მკვეთრად დაიკელით ან მოიმატეთ წონაში
• ვარჯიშის ფონზე მენსტრუაცია გაქრა
დასკვნა: როგორც ჭარბმა წონამ, ასევე მისმა დეფიციტმა შეიძლება დაარღვიოს მენსტრუაციული ციკლი. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: ზოგჯერ საქმე მხოლოდ სასწორის რიცხვში არ არის - არამედ იმაში, ჰყოფნის თუ არა ორგანიზმს ენერგია. რეგულარული ციკლი ნიშნავს, რომ ორგანიზმი თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს. თუ ის ირღვევა - ეს სიგნალია, რომლის იგნორირება არ შეიძლება, მიზეზი აუცილებლად უნდა დადგინდეს.
