ასპირინი და ორსულობა: რატომ ინიშნება და უნდა გვეშინოდეს თუ არა?

ასპირინი და ორსულობა: რატომ ინიშნება და უნდა გვეშინოდეს თუ არა?

ბევრ ორსულს უკვირს, როცა ექიმი ასპირინს უნიშნავს. მაგრამ მეანობაში ის გამოიყენება ძალიან მცირე დოზებით და კონკრეტული მიზნით.

რატომ სჭირდება მომავალ დედას ასპირინი?

პირველ რიგში - პრეკლამფსიისა და ნაყოფის ზრდის შეფერხების პროფილაქტიკისთვის. დაბალი დოზით აცეტილსალიცილის მჟავა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას საშვილოსნოსა და პლაცენტის სისხლძარღვებში, რაც პლაცენტას უკეთ მუშაობაში ეხმარება. მნიშვნელოვანია იცოდეთ: პრეკლამფსიის რისკი განისაზღვრება არა მხოლოდ კომბინირებული სკრინინგით, არამედ მაღალი და საშუალო რისკის ფაქტორების კალკულატორითაც.

ვისთვის არის ასპირინი პირველ რიგში რეკომენდებული?

თუ არსებობს მაღალი რისკის მინიმუმ ერთი ფაქტორი:
• პრეკლამფსია წინა ორსულობაში
• ქრონიკული ჰიპერტენზია
• თირკმლის დაავადებები
• შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 1 ან 2)
• აუტოიმუნური დაავადებები (მაგალითად სისტემური წითელი მგლურა ან ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი)
• მრავალნაყოფიანი ორსულობა

ან რამდენიმე საშუალო რისკის ფაქტორი:
• პირველი ორსულობა
• ასაკი 35+
• სიმსუქნე (BMI ≥30)
• ოჯახში პრეკლამფსიის შემთხვევა (დედასთან ან დასთან)
• ორსულობა IVF-ის შემდეგ
• ორსულობებს შორის ინტერვალი 10 წელზე მეტი

მნიშვნელოვანია: ასპირინი ამცირებს რისკს, მაგრამ 100%-იან გარანტიას არ იძლევა.

როდის უნდა დაიწყოს მიღება და რა დოზით?

ყველაზე კარგი ეფექტი აქვს, თუ მიღება დაიწყება ორსულობის 12–16 კვირას შორის და გაგრძელდება ორსულობის 36 კვირამდე. ზოგიერთ შემთხვევაში ასპირინის მიღება გრძელდება მშობიარობამდე და ძუძუთი კვების პერიოდშიც. დოზას ყოველთვის ექიმი განსაზღვრავს.

ხომ არ არის ეს საშიში ნაყოფისთვის?

არა. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ასპირინის დაბალი დოზები უსაფრთხოა ორსულობის დროს. უფრო მეტიც - თუ არსებობს ჩვენება, ასპირინის არ მიღება უფრო მაღალ რისკებთან არის ასოცირებული, ვიდრე მისი მიღება. პრეკლამფსიისა და ნაყოფის ზრდის შეფერხების პრევენციის გამოტოვება შეიძლება იყოს საშიში როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის.

ჩვენ ვიყენებთ cookie-ებს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად ჩვენს საიტზე. საიტის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს cookie პოლიტიკას.