თანამედროვე მედიცინის პრინციპების მიხედვით, გინეკოლოგის ყოველწლიური პროფილაქტიკური ვიზიტი არ გულისხმობს ყველა ქალისთვის ერთნაირი, ფართო ლაბორატორიული ან ინსტრუმენტული კვლევების ავტომატურ დანიშვნას. ექიმის მთავარი ამოცანა პროფილაქტიკური გასინჯვის დროს არის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, რისკების განსაზღვრა და მხოლოდ იმ კვლევების რეკომენდაცია, რომლებიც კონკრეტულ კლინიკურ სიტუაციაში ნამდვილად აუცილებელია.
არსებობს რამდენიმე სიტუაცია, როდესაც დამატებითი ანალიზების ან კვლევების დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი:
- ჩივილების არარსებობისა და ნორმალური გინეკოლოგიური გასინჯვის ფონზე
- რეგულარული მენსტრუალური ციკლისა და სიმპტომების გარეშე
- წინა კვლევების ნორმალური შედეგების შემთხვევაში
- ჰორმონალური დარღვევის კლინიკური ნიშნების გარეშე
- ინფექციის სიმპტომების არარსებობისას
არასაჭირო კვლევებმა შესაძლოა გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები, ზედმეტი შფოთვა, განმეორებითი კვლევები და გაუმართლებელი მკურნალობა. სწორედ ამიტომ თანამედროვე გინეკოლოგიური პრაქტიკა ეფუძნება ინდივიდუალურ მიდგომას და სამეცნიერო მტკიცებულებებს.
რატომ არ არის „მეტი ანალიზი“ ყოველთვის უკეთესი?
სამედიცინო პრაქტიკაში ხშირად მიიჩნევა, რომ რაც უფრო მეტ კვლევას ჩაიტარებს პაციენტი, მით უფრო დაცული იქნება მისი ჯანმრთელობა. თუმცა კვლევებით და საერთაშორისო რეკომენდაციებით დადასტურებულია, რომ არასაჭირო გამოკვლევებმა შესაძლოა არ გაზარდოს დიაგნოსტიკური სიზუსტე და ზოგჯერ პირიქით — შექმნას ზედმეტი დიაგნოსტიკური გაურკვევლობა.
ზოგიერთ შემთხვევაში ლაბორატორიულ ან ინსტრუმენტულ კვლევას შეუძლია აჩვენოს კლინიკურად უმნიშვნელო გადახრები, რომლებიც არ საჭიროებს მკურნალობას. ასეთი შედეგები შესაძლოა გამოიწვიოს ზედმეტი შფოთვა, დამატებითი კვლევები და არასასურველი ჩარევები, რაც ეწინააღმდეგება ხარისხიან, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მედიცინას.
ექიმისა და პაციენტის პარტნიორობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროფილაქტიკური გასინჯვის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ექიმსა და პაციენტს შორის ღია კომუნიკაციას. ექიმი ვალდებულია აუხსნას, რატომ არის რეკომენდებული ან რატომ არ არის საჭირო კონკრეტული კვლევა მოცემულ ეტაპზე, ხოლო პაციენტს აქვს უფლება მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.
ასეთი პარტნიორული მიდგომა ზრდის ნდობას, ამცირებს ზედმეტ სამედიცინო ჩარევებს და ხელს უწყობს ჯანმრთელობაზე გრძელვადიან, გააზრებულ ზრუნვას. სწორედ ეს არის თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებული გინეკოლოგიური პრაქტიკის საფუძველი.
