A, B, C, D, E, F… ეს ბავშვობიდან ნაცნობი ანბანის სიმღერის დასაწყისს ჰგავს, თუმცა ეს ვირუსული ჰეპატიტების ძირითადი ტიპებია.
რატომ არის მნიშვნელოვანი ვირუსულ ჰეპატიტებზე საუბარი?
ვირუსული ჰეპატიტები წარმოადგენს ინფექციური დაავადებების ჯგუფს, რომლებიც აზიანებენ ღვიძლს. ყველაზე ხშირად ვირუსული ჰეპატიტები უსიმპტომოდ მიმდინარეობს — და სწორედ ეს ხდის მათ საშიშს. ადამიანს შეიძლება წლების განმავლობაში არ ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ავად არის. დაავადების ხანგრძლივმა მიმდინარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ციროზის განვითარება. ღვიძლის ციროზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ღვიძლის ფუნქციური ქსოვილი მცირდება და იცვლება შემაერთებელი ქსოვილით; ეს დაავადება მნიშვნელოვნად ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას მძიმე გართულებების განვითარების გამო. უმეტეს შემთხვევაში ადამიანები თავიანთ დაავადებას შემთხვევით იგებენ სკრინინგული ანალიზების ჩატარებისას.
გავრცელებული ვირუსული ჰეპატიტები და როგორ დავიცვათ თავი
ჰეპატიტი A
შესაძლოა ეს დაავადება ბავშვობიდან გახსოვთ; მას ასევე „ბოტკინის დაავადებას“ უწოდებენ. ჰეპატიტი A მწვავე მიმდინარეობით ხასიათდება და ხშირად სიყვითლითაც მიმდინარეობს. ვირუსის ქრონიკული ფორმა არ არსებობს. ინფექცია ფეკალურ-ორალური გზით ვრცელდება, ანუ დაბინძურებული წყლით, დაუბანელი ხელებით და დაბინძურებული საკვებით. დაავადებისგან დაცვისთვის აუცილებელია ვაქცინაცია (ვაქცინები Havrix, Avaxim, Vaqta), ასევე ჰიგიენის წესების დაცვა. თუ არ ხართ ვაქცინირებული, თქვენი იმუნური სტატუსის დადგენა შესაძლებელია სისხლის ანალიზით — anti-HAV IgG. ვაქცინაციის ან გადატანილი დაავადების შემდეგ ყალიბდება სტაბილური, სიცოცხლის განმავლობაში მოქმედი იმუნიტეტი.
ჰეპატიტი B
დაავადება შეიძლება მწვავედ მიმდინარეობდეს, თუმცა უფრო ხშირად ქრონიკული ფორმები გვხვდება. 1996–2002 წლებში სხვადასხვა ქვეყნებში ჰეპატიტი B-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა; პირველი ინექცია ბავშვს სიცოცხლის პირველ საათებში უკეთდება. ინფექციის გადაცემის გზებია: სისხლთან კონტაქტი (სამედიცინო და არასამედიცინო პროცედურები, ტატუ, პირსინგი), დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, დედიდან ბავშზე გადაცემა მშობიარობის დროს. ქრონიკული ჰეპატიტი B შეიძლება წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თანდათან აზიანებდეს ღვიძლს და ზრდიდეს ციროზისა და ჰეპატოცელულური კარცინომის (ღვიძლის კიბოს) რისკს. ვაქცინაცია პრევენციის ყველაზე ეფექტური მეთოდია; ასევე მნიშვნელოვანია ბარიერული კონტრაცეფციის გამოყენება და ინსტრუმენტების სტერილურობა ნებისმიერი ინვაზიური პროცედურის დროს. თუ არ იცით თქვენი სტატუსი, შეგიძლიათ ჩაიტაროთ სისხლის ანალიზები:
- HBsAg — აჩვენებს, არის თუ არა აქტიური ინფექცია, ანუ ამჟამად ხართ თუ არა ჰეპატიტი B-ით ავად
- anti-HBs — აჩვენებს იმუნიტეტის (ანტისხეულების) არსებობას ვაქცინაციის შემდეგ
- anti-HBc — ეხმარება განსაზღვროს, იყო თუ არა ადრე კონტაქტი ვირუსთან
ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველასთვის, ვისაც იმუნიტეტი არ აქვს, ასაკის მიუხედავად.
ჰეპატიტი C
ჰეპატიტი C ქრონიკული ღვიძლის დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. უმეტეს შემთხვევაში ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგჯერ ათწლეულების განმავლობაშიც კი. გადაცემის ძირითადი გზებია სისხლთან კონტაქტი (სამედიცინო და არასამედიცინო პროცედურები, ტატუ, პირსინგი), უფრო იშვიათად — სქესობრივი გზა. 1990-იანი წლებიდან ჰეპატიტი C-ის მკურნალობა მნიშვნელოვნად განვითარდა; თანამედროვე ანტივირუსული პრეპარატები საშუალებას იძლევა 95–98%-ზე მეტ შემთხვევაში მიღწეულ იქნას სრული განკურნება, ჩვეულებრივ 8–12 კვირაში, მინიმალური გვერდითი ეფექტებით. მნიშვნელოვანია — დღესდღეობით ჰეპატიტი C-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, თუმცა დაავადება სრულად განკურნებადია. სტატუსის შესამოწმებლად:
- anti-HCV — სკრინინგული ტესტი. დადებითი პასუხი შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ იმუნურ სისტემას ჰქონია კონტაქტი ჰეპატიტი C-ის ვირუსთან (ანუ აქტიური ინფექცია ან გადატანილი დაავადება)
- დადებითი შედეგის შემთხვევაში — ვირუსის განსაზღვრა სისხლში (HCV-RNA) აქტიური ინფექციის დასადასტურებლად
ვირუსული ჰეპატიტების მქონე პაციენტები ხშირად საზოგადოებრივი სტიგმატიზაციის მსხვერპლნი ხდებიან, თუმცა დაავადებების ეს ჯგუფი დიდი ხანია აღარ უკავშირდება არასასურველ ცხოვრებისეულ გარემოებებს. კარგი ამბავი ის არის, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ეფექტურად ავიცილოთ ინფიცირება, დროულად გამოვავლინოთ დაავადება და, ჰეპატიტი C-ის შემთხვევაში, სრულად განვკურნოთ ის.
ერთი სისხლის ანალიზი და აქტუალური ვაქცინაცია — მარტივი ნაბიჯია, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ ღვიძლის ჯანმრთელობა მრავალი წლის განმავლობაში. საკუთარ სტატუსზე ზრუნვა არის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების გამოხატვა საკუთარი თავისა და ახლობლების მიმართ.
