როზაცეა სახის კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. ყველაზე ხშირად ის ვლინდება სახის ცენტრალური ნაწილის სიწითლით, პერიოდული ალებით, ხილული გაფართოებული სისხლძარღვებით, ზოგიერთ ადამიანში კი — აკნეს მსგავსი ანთებითი ელემენტებით. ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს წვა, ჩხვლეტა, სიცხის შეგრძნება, სიმშრალე და კანის მომატებული მგრძნობელობა.
როზაცეას მიმდინარეობა ტალღისებურია: გაუმჯობესების პერიოდები შეიძლება გამწვავებებმა შეცვალოს. კანის როზაცეასადმი მიდრეკილების სრულად შეცვლა შეუძლებელია, თუმცა დაავადების კარგი კონტროლი შესაძლებელია სწორად შერჩეული მკურნალობის, ყოველდღიური მოვლისა და გამომწვევი ფაქტორებისგან დაცვის საშუალებით.
რატომ ხდება კანი მგრძნობიარე როზაცეას დროს?
როზაცეას დროს ერთდროულად იცვლება კანის რამდენიმე სისტემის მუშაობა: სისხლძარღვოვანი, იმუნური და ნერვული სისტემების. ასევე შეიძლება დაირღვეს ეპიდერმული ბარიერის — კანის გარე დამცავი შრის — ფუნქცია.
შედეგად, კანი ზედმეტად რეაგირებს გარე ზემოქმედებაზე. ჩვეულებრივმა კოსმეტიკურმა საშუალებებმაც კი, ცხელმა წყალმა, ხახუნმა ან მზის სხივებმა შეიძლება გამოიწვიოს სიწითლე, წვა და დისკომფორტის შეგრძნება.
ამიტომ როზაცეას დროს კანის მოვლა მხოლოდ მკურნალობის დამატებითი ნაწილი არ არის. ნაზი გაწმენდა, რეგულარული დატენიანება და მზისგან დაცვა დაავადების კონტროლის მნიშვნელოვანი ნაწილია.
1. გაიწმინდეთ კანი ნაზად
ყოველდღიური გაწმენდისთვის უმჯობესია აირჩიოთ რბილი, საპნისა და აბრაზიული ნაწილაკების გარეშე საშუალებები, რომლებიც მგრძნობიარე კანისთვის არის განკუთვნილი.
დაიბანეთ სახე თბილი, მაგრამ არა ცხელი წყლით. საშუალება თითის წვერებით წაისვით და არ გამოიყენოთ ჯაგრისები, ღრუბლები ან სხვა დამატებითი საშუალებები. დაბანის შემდეგ კანი პირსახოცით ნაზად შეიმშრალეთ და არ გაიხეხოთ.
თუ გაწმენდის შემდეგ რეგულარულად აღინიშნება ძლიერი წვა, დაჭიმულობა ან სიწითლე, სავარაუდოდ, ეს საშუალება თქვენი კანისთვის შესაფერისი არ არის.
2. არ თქვათ უარი დამატენიანებელ კრემზე
მაშინაც კი, თუ კანი ცხიმიანია ან მასზე ანთებითი ელემენტები ჩნდება, შესაძლოა მას რეგულარული დატენიანება სჭირდებოდეს.
დამატენიანებელი საშუალებები ხელს უწყობს კანის ბარიერის შენარჩუნებას, წყლის შეკავებას და სიმშრალისა და გაღიზიანების შემცირებას. უპირატესობა მიანიჭეთ მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილ მარტივ ფორმულებს, რომლებიც დიდი რაოდენობით პოტენციურად გამაღიზიანებელ კომპონენტებს არ შეიცავს.
თუ ნესტიან კანზე კრემის წასმა წვას იწვევს, დაბანის შემდეგ დაელოდეთ კანის სრულად გაშრობას და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით საშუალება.
3. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება
ულტრაიისფერი გამოსხივება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფაქტორია, რომელსაც როზაცეას გამწვავების გამოწვევა შეუძლია.
გამოიყენეთ ფართო სპექტრის მზისგან დამცავი საშუალება UVA და UVB დაცვით და SPF 30 ან უფრო მაღალი. მზეზე ხანგრძლივი ყოფნისას დამატებით დაცვას უზრუნველყოფს ქუდი, მზის სათვალე და ჩრდილში ყოფნა.
თუ ჩვეულებრივი მზისგან დამცავი საშუალებები წვას იწვევს, შეგიძლიათ სცადოთ მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი ფორმულები ან მინერალური ფილტრების შემცველი საშუალებები — თუთიის ოქსიდით და/ან ტიტანის დიოქსიდით. თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის, რომ ფილტრები აუცილებლად მინერალური იყოს — მთავარია, კონკრეტული SPF თქვენი კანისთვის კარგად ასატანი იყოს და რეგულარულად გამოიყენოთ.
4. რაც ნაკლები გაღიზიანებაა, მით უკეთესი
როზაცეას მქონე კანს, როგორც წესი, არ სჭირდება აგრესიული გაწმენდა ან მუდმივი აქერცვლა.
სკრაბებმა, სახის ჯაგრისებმა, ინტენსიურმა ხახუნმა, მჟავების ხშირ გამოყენებამ და სხვა გამაღიზიანებელმა პროცედურებმა შეიძლება კანის მგრძნობელობა გაზარდოს.
სიფრთხილეა საჭირო სპირტის, მენთოლის, კამფორის, სურნელოვანი კომპონენტების, Hamamelis-ისა და ზოგიერთი ეთერზეთის შემცველი საშუალებების გამოყენებისას. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანისთვის არსებობს „აკრძალული“ ინგრედიენტების უნივერსალური სია, თუმცა თუ საშუალება მუდმივ წვას, ქავილს ან სიწითლეს იწვევს, უმჯობესია მისი გამოყენება შეწყვიტოთ.
5. არ არის საჭირო ყველა კოსმეტიკური საშუალების თავიდან აცილება
როზაცეას დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაზე სრულად უნდა თქვათ უარი.
მთავარი კრიტერიუმი კონკრეტული საშუალების ამტანობაა. უმჯობესია აირჩიოთ მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი პროდუქტები და ახალი საშუალებები ეტაპობრივად დაამატოთ. რაც უფრო რთულია ყოველდღიური რუტინა და რაც უფრო მეტი აქტიური კომპონენტი გამოიყენება ერთდროულად, მით უფრო რთულია გაღიზიანების მიზეზის დადგენა.
გამოხატული სიწითლის დროს მწვანე ტონის დეკორატიული კოსმეტიკური საშუალებები შეიძლება ვიზუალურად დაეხმაროს სიწითლის ნეიტრალიზებას.
6. გამოავლინეთ თქვენი ტრიგერები
მზის სხივები, სიცხე, გადახურება, ალკოჰოლი, ცხარე საკვები და ზოგიერთი სხვა ფაქტორი ნამდვილად შეიძლება როზაცეას გამწვავების მიზეზი გახდეს. თუმცა ტრიგერები ინდივიდუალურია.
არ არის საჭირო ავტომატურად გამორიცხოთ ყველაფერი, რაც ოდესმე როზაცეას შესაძლო ტრიგერად დასახელებულა. თუ კონკრეტული საკვები ან სიტუაცია თქვენს მდგომარეობას არ აუარესებს, მხოლოდ დიაგნოზის გამო მისი თავიდან აცილება, როგორც წესი, საჭირო არ არის.
უფრო სასარგებლოა კანზე დაკვირვება და სწორედ თქვენი განმეორებადი გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა.
7. კანის მოვლა მკურნალობას არ ცვლის
სწორი მოვლა ხელს უწყობს გაღიზიანების შემცირებასა და კანის ბარიერის შენარჩუნებას, თუმცა მხოლოდ მოვლა ყოველთვის საკმარისი არ არის როზაცეასთან დაკავშირებული ანთების გასაკონტროლებლად.
დაავადების გამოვლინებების მიხედვით დერმატოლოგმა შეიძლება დანიშნოს ადგილობრივი ან სისტემური მედიკამენტები, ხოლო მუდმივი სიწითლისა და გაფართოებული სისხლძარღვების კორექციისთვის — აპარატული მკურნალობის მეთოდები.
მკურნალობის სქემა ინდივიდუალურად შეირჩევა: ძირითადად სიწითლით მიმდინარე როზაცეას მკურნალობა შეიძლება განსხვავდებოდეს პაპულებითა და პუსტულებით მიმდინარე როზაცეას ან თვალის დაზიანების მკურნალობისგან.
კანის მოვლის მარტივი ძირითადი სქემა
პაციენტების უმეტესობისთვის საწყის ეტაპზე შეიძლება მაქსიმალურად მარტივი რუტინის გამოყენება:
დილით: ნაზი გაწმენდა → საჭიროების შემთხვევაში დამატენიანებელი კრემი → SPF 30–50+.
საღამოს: ნაზი გაწმენდა → ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატი → დამატენიანებელი კრემი.
კონკრეტული საშუალებები და მათი გამოყენების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს კანის მდგომარეობისა და დანიშნული მკურნალობის მიხედვით.
