მენინგიტი — ეს არის სიტყვა, რომელიც ძალიან აშინებს. და ამის მიზეზიც არსებობს: დაავადება შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს და სიცოცხლისთვის საშიში იყოს. კარგი ამბავი კი ის არის, რომ მენინგიტის ნაწილი შეიძლება თავიდან ავიცილოთ ვაქცინაციით. განვიხილოთ მშვიდად და გასაგებად.
მენინგიტი არის ტვინისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება.
გამომწვევები შეიძლება იყოს სხვადასხვა:
- ვირუსული მენინგიტი — ყველაზე ხშირია, როგორც წესი უფრო მსუბუქად მიმდინარეობს (ენტეროვირუსები, ადენოვირუსები, ჰერპესის ვირუსები და სხვ.)
- ბაქტერიული მენინგიტი — ყველაზე საშიში ფორმა, სწრაფად ვითარდება და შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გართულებები ან ლეტალური შედეგი
- სოკოვანი მენინგიტი
მთავარი ბაქტერიული გამომწვევებია: მენინგოკოკი (Neisseria meningitidis), პნევმოკოკი და Haemophilus influenzae ტიპი b. ამ ინფექციების წინააღმდეგ არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები.
რატომ არის მენინგოკოკი განსაკუთრებული?
მენინგოკოკური ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე საშიში და სწრაფად პროგრესირებადი ინფექციაა. ის შეიძლება გამოვლინდეს მენინგიტის ან მენინგოკოკცემიის (სეფსისი) სახით — რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა.
მახასიათებლები:
• უეცარი დაწყება (ბავშვი იყო ჯანმრთელი — და რამდენიმე საათში მძიმე მდგომარეობა)
• მაღალი სიკვდილიანობა მკურნალობის გარეშე
• მძიმე შედეგები: სმენის დაკარგვა, ნევროლოგიური დარღვევები, ამპუტაციები (მძიმე სეფსისის დროს)
ვინ არის რისკის ჯგუფში?
• 5 წლამდე ბავშვები
• მოზარდები
• ადამიანები მჭიდრო კოლექტივებში
• მოგზაურები
• ქრონიკული დაავადებების ან იმუნური პრობლემების მქონე პაციენტები
სიმპტომები, როცა საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა:
• მაღალი ტემპერატურა, განსაკუთრებით თუ არ რეაგირებს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე
• ძლიერი თავის ტკივილი
• ღებინება
• სინათლის მიმართ მგრძნობელობა
• გამოხატული ძილიანობა ან უჩვეულო აგზნება
• კისრის კუნთების დაჭიმულობა
• გამონაყარი, რომელიც არ ქრება მინის დაჭერისას (ძალიან საგანგაშო ნიშანი!)
როგორ დავიცვათ ბავშვი?
ყველაზე ეფექტური გზა არის ვაქცინაცია. საქართველოში ხელმისაწვდომია 2 ფასიანი ვაქცინა მენინგოკოკის სხვადასხვა შტამის წინააღმდეგ, რომლებიც შეიძლება გაკეთდეს უკვე 2 თვიდან:
1. ნიმენრიქსი
იცავს სეროჯგუფებისგან: A, C, W, Y
ვაქცინაციის სქემა:
6 კვირიდან 6 თვემდე: 2 დოზა (მინ. 2 თვე ინტერვალი) + რევაქცინაცია 12 თვიდან
6–12 თვე: 1 დოზა + რევაქცინაცია 12 თვიდან
12 თვიდან: 1 დოზა
2. ბექსერო
იცავს სეროჯგუფი B-სგან
ვაქცინაციის სქემა:
2–5 თვე: 3 დოზა (1 თვე ინტერვალი) ან 2 დოზა (2 თვე ინტერვალი) + რევაქცინაცია 6 თვეში
6–11 თვე: 2 დოზა (მინ. 2 თვე ინტერვალი) + რევაქცინაცია 12 თვიდან
12–23 თვე: 2 დოზა + რევაქცინაცია 12–23 თვეში
2–10 წელი: 2 დოზა (მინ. 1 თვე ინტერვალი)
11+ წელი: 2 დოზა (მინ. 1 თვე ინტერვალი)
რატომ საჭიროა ორივე ვაქცინა?
მენინგოკოკს აქვს სხვადასხვა სეროჯგუფი. არ არსებობს ერთი უნივერსალური ვაქცინა, ამიტომ ისინი არ ცვლის ერთმანეთს — არამედ ავსებენ. ერთად ისინი უზრუნველყოფენ მაქსიმალურ დაცვას. რადგან დაცვის ხანგრძლივობა დაახლოებით 5–7 წელია, მოზარდებისთვის და რისკის ჯგუფებისთვის რეკომენდებულია ერთჯერადი დოზა 11–15 წლის ასაკში (ბოლო დოზიდან მინიმუმ 4 წლის შემდეგ).
ეს სავალდებულო ვაქცინაა?
არა, ბევრ ქვეყანაში არა, მაგრამ ძალიან რეკომენდებულია.
შესაძლებელია სხვა ვაქცინებთან ერთად გაკეთება?
დიახ, შესაძლებელია სხვა ვაქცინებთან ერთად, მათ შორის ერთ დღესაც.
არის თუ არა ვაქცინები საშიში?
სერიოზული რეაქციები ძალიან იშვიათია. დაავადების რისკი ბევრად უფრო მაღალია.
მნიშვნელოვანი: ბექსერო ითვლება საშუალო რეაქტოგენობის ვაქცინად — შესაძლოა უფრო ხშირად გამოიწვიოს სიცხე ან საერთო სისუსტე, თუმცა ეს ნორმალური რეაქციაა და კარგად კონტროლდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით.
