აკნე: რას უნდა იცნობდნენ მოზარდები და ზრდასრულები — განმარტავს დერმატოლოგ-ვენეროლოგი თბილისიდან

აკნე: რას უნდა იცნობდნენ მოზარდები და ზრდასრულები — განმარტავს დერმატოლოგ-ვენეროლოგი თბილისიდან

12 ნოემბერი, 2025

ვულგარული აკნე, იგივე, ჩვეულებრივი ფერიმჭამელა, კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, აქედან გამომდინარე კი - ცხოვრების ხარისხზე. დაავადება, რომელიც გარკვეულ ასაკში ადამიანთა 80%-ში ვლინდება, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დერმატოლოგიური პრობლემაა.

აკნე არ არის მხოლოდ “გარდატეხის ასაკში მყოფ პირთა ხვედრი”. იგი შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში და არანამკურნალებ შემთხვევებში, უკუგანვითარდეს ნაწიბურის ჩამოყალიბებით. თანამედროვე დერმატოლოგია აკნეს საწინააღმდეგოდ გვთავაზობს მკურნალობის ეფექტურ და მტკიცებულებებით გამყარებულ მეთოდებს.

რა არის აკნე?
აკნე ვითარდება თმის ფოლიკულების ცხიმით, ჩამოფრცქვნილი კანის უჯრედებითა და ბაქტერიებით დახშობის შედეგად. კლინიკურად დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ტიპის გამონაყრის სახით.

რატომ ვითარდება აკნე?
დაავადების ზუსტი ეტიო-პათოგენეზური მექანიზმები უცნობია. ცნობილია, რომ აკნე სხვადასხვა ფაქტორის ერთდროული მოქმედების შედეგია. ესენია:

  • ჰორმონების (ანდროგენების) მომატებული დონე → იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების სტიმულაციას, ზრდის ცხიმის სეკრეციას. აღნიშნული წარმოადგენს გარდატეხის ასაკში, მენსტრუალური ციკლის დროს, ორსულობის ან პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დროს აკნეს გამწვავების მიზეზს
    
  • ცხიმის დიდი რაოდენობა და დახშული ფორები → ცხიმი და ჩამოფრცქვნილი კანის უჯრედები გროვდება თმის ფოლიკულში და წარმოქმნის ღია და დახურულ კომედონებს
    
  • ანთება → იმუნური სისტემა რეაგირებს დახშულ ფორებსა და ბაქტერიაზე, შედეგად ხდება წითელი, წამოწეული, მტკივნეული კვანძების განვითარება
    
  • გენეტიკური ფაქტორი → დადებითი ოჯახური ანამნეზი მჭიდრო კავშირშია დაავადების განვითარების გაზრდილ რისკთან
    
  • ბაქტერიის როლი (Cutibacterium acnes) → ბაქტერია მრავლდება დახშულ ფოლიკულში და იწვევს ანთებითი ჩირქგროვების განვითარებას
    
  • ცხოვრების სტილი და გარემო ფაქტორები → ე.წ. კომედოგენური კოსმეტიკური საშუალებები, სტრესი, გარკვეული მედიკამენტები (სტეროიდები, ლითიუმი) და დიეტა (ბოლომდე დაუდგენელი; მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები და რძის პროდუქტები) შესაძლოა ამწვავებდეს აკნეს
    

    აკნეს განვითარებაში მონაწილეობს არა მხოლოდ ერთი რომელიმე ფაქტორი, არამედ იგი არის სხვადასხვა ფაქტორის კომპლექსური ურთიერთქმედების შედეგი.

    აკნეს ფორმები
    აკნე შესაძლოა გამოხატული იყოს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის:
  • კომედონური აკნე → ღია და დახურული კომედონები; არაანთებითი ელემენტები; დაავადების მსუბუქი ფორმა
    
  • პაპულურ-პუსტულური აკნე → წითელი, კანის ზედაპირიდან წამოწეული, ანთებითი და ჩირქოვანი გამონაყარი (პაპულები და პუსტულები); მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის ფორმები გამონაყრის რაოდეობის მიხედვით
    
  • კვანძოვანი და კისტური აკნე → ღრმა, მტკივნეული კვანძები და კისტები, რომელთა უკუგანვითარება იწვევს დანაწიბურებას; დაავადების მძიმე ფორმა
    
  • კონგლობატური აკნე → ერთმანეთთან შერწყმული აბსცესების განვითარება; დაავადების მძიმე ფორმა
    
  • ფლეგმონური აკნე → იშვიათი, სწრაფად განვითარებული, ძალიან მძიმე ფორმა სისტემური სიმპტომებით (ცხელება, შემცივნება)
    

    რატომ არის მნიშვნელოვანი აკნეს ფორმებს შორის დიფერენცირება?
    აკნეს მართვისა და მკურნალობის მეთოდები განსხვავებულია დაავადების ფორმის მიხედვით.
  • კომედონური აკნე → როგორც წესი, კარგად ემორჩილება მკურნალობას ადგილობრივი რეტინოიდებითა და კერატოლიზური საშუალებებით
    
  • ანთებითი აკნე (პაპულურ-პუსტულური) → ხშირად საჭიროა კომბინირებული თერაპია ადგილობრივი და სისტემური ანტიბიოტიკებით, შესაძლოა ჰორმონული საშუალებები
    
  • კვანძოვანი და კისტური აკნე → საჭირო ხდება სისტემური რეტინოიდების (იზოტრეტინოინის) გამოყენება
    
  • მწვავე ფორმები (კონგლობატური და ფლეგმონური აკნე) → სისტემური თერაპია მუდმივი მონიტორინგის ქვეშ
    

    აკნეს ყველა ფორმისთვის აუცილებელია დამხმარე თერაპია: სწორად შერჩეული დასაბანი და გამწმენდი საშუალებები, არაკომედონური დამატენიანებელი საშუალებები, აკნესკენ მიდრეკილი და ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი საცხები.

    ვულგარული აკნეს კლინიკურად გამოვლინების მრავალფეროვნების გამო, აუცილებელია მკურნალობის მეთოდების ინდივიდუალური შერჩევა. სწორი თერაპიული მეთოდის შერჩევა ხდება დერმატოლოგის მიერ დაავადების სიმძიმის, ფორმის, ინდივიდუალური და გარემო ფაქტორების გათვალისწინებით. მკურნალობის მიზანია დაავადების სტაბილიზაცია, მდგომარეობის გაუმჯობესება და დანაწიბურების რისკების შემცირება.

ჩვენ ვიყენებთ cookie-ებს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად ჩვენს საიტზე. საიტის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს cookie პოლიტიკას.